ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან ყველანაირი მოლაპარაკებები უნდა შეჩერდეს.
როგორც ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შექმნილ ვითარებაში უნდა შეიქმნას სახალხო პარლამენტი, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებისგან იქნება დაკომპლექტებული.
პოლიტიკოსი ასევე ქართული ოცნების მიერ რეგისტრირებულ კანონპროექტსაც გამოეხმაურა, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის ქვეშ მყოფი პარტიების წინააღმდეგაა მიმართული და ის ადოლფ ჰიტლერის მეთოდებს შეადარა.
"ის რაც პარლამენტის ექსთავმჯდომარემ, გავრილოვის მეგობარმა გამოაცხადა, სხვა არაფერია თუ არა ადოლფ ჰიტლერის მიერ 30-იან წლებში პარტიების აკრძალვაზე მიღებული კანონპოექტების გადამღერება. შექმნილ ვითარებაში შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, სანამ ევროკავშირი და აშშ არ დაგმობს პუტინისტური დიქტატურის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში. სანქციებს დაექვემდებაროს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისი პარლამენტის ყველა წევრი. პოლიტიკურ პარტიებისგან, პარლამენტში არშესული ოპოზიციონერი დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო მაკოორდინებელი პოლიტიკური ორგანო გარდამავალ პერიოდში", - განაცხდა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ ოპოზიციის გეგმებს, ნათელაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ამ კანონპროექტისა, "არც ერთი პარტია პარლამენტში არ შევა".
ცნობისთვის, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის ქვეშ მყოფი პარტიების წინააღმდეგაა მიმართული. კობახიძის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან.
ოპოზიციამ ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზეს.
მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება.
სწორედ ამის გამო, 11 დეკემბერს გამართული მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო.